ევროკავშირის მხარდამჭერების გაზრდა წარმატებული რეფორმებითაა განპირობებული

ევროკავშირის მხარდამჭერების გაზრდა წარმატებული რეფორმებითაა განპირობებული

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირის მხარდამჭერების გაზრდა განპირობებულია სახელმწიფოს მიერ ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით განხორციელებული წარმატებული რეფორმებით. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს NDI-ს კვლევის შეფასებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მისი უწყება სისტემატურად ახორციელებს კვლევებს და აკეთებს შესაბამის ანალიზს.

„კონკრეტულ რიცხვებთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენი ანალიზი იმას აჩვენებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს არის ის პრიორიტეტი, რომელშიც საქართველოს მთავრობა არის წარმატებული. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ იმ შედეგით, რასაც ზაფხულში ველოდებით, მხარდაჭერა კიდევ უფრო გამყარდება”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, აქტიური მუშაობით შესაძლებელი გახდება იმ ანტიდასავლური ნარატივის დაძლევა, რომელიც ცდილობს ნიჰილიზმის დამკვიდრებას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

”სწორედ საქართველოს უსაფრთხო, სტაბილური განვითარების საწყისი არის ჩვენს ევროპულ არჩევანში. ეს საქართველოს საზოგადოების დიდი უმრავლესობით არის მხარდაჭერილი. შესაბამისად ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა გაგრძელდება და იქნება ისეთივე წარმატებული, რაც განაპირობებს საზოგადოების მზარდ მხარდაჭერას”, - განაცხადა ბაქრაძემ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული კურსი ევროკავაშირში გაწევრიანების შესახებ, რესპონდენტთა 77 %-მა დადებითი პასუხი გასცა. შეკითხვაზე უარყოფითი განწყობა გამოკითხულთა მხოლოდ 14 %-მა დააფიქსირა.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელი წინა - აგვისტოში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით გაზრდილია. მაშინ ევროპული ინტეგრაცია მისაღები გამოკითხულთა 60 %-სთვის იყო.