NDI-ს კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა ნელ-ნელა მარცხდება

NDI-ს კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა ნელ-ნელა მარცხდება

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა გაზრდასა და ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა შემცირებას ობიექტური მიზეზები აქვს.

როგორც შარაშენიძემ ”ინტერპრესნიუსს” NDI-ს კვლევის შედეგებზე კომენტირებისას განუცხადა, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსულმა პროპაგანდამ გაიარა თავისი პიკი.

”ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ევროკავშირში იზრდება ჩვენი ექსპორტი. კიკინი და წივილ-ყვირილი რუსულ ბაზარზე - მითი რუსული ბაზრის შესახებ ბარდება წარსულს. ასევე, ყველა ხედავს, რომ რუსეთისგან არანაირი ხეირი არ არის. ეს არის ობიექტური მიზეზები. ამასთან, მადლობა ღმერთს, რომ მოხდა მობილიზება არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მათ შეიტანეს მთავარი წვლილი”, - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, რუსული პროპაგანდა ნელ-ნელა მარცხდება.

”რუსულმა პროპაგანდამ გაიარა თავისი პიკი. სიტუაცია უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას როგორიც უნდა იყოს. რუსული პროპაგანდა, როგორც ჩანს, ნელ-ნელა მარცხდება. ამას დაინახავენ რუსეთში და მოიგონებენ ”უკეთეს” რამეს. მოიგონებენ ახალ კვლევებს, ახალ სისულეებს. თუმცა, მათი კამპანია, საბოლოო ჯამში, მაინც დამარცხდება, რადგან ადრე თუ გვიან ყველა იგებს სიმართლეს. პერსპექტივა მათ არ აქვთ”, - განაცხადა შარაშენიძემ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 20 % უჭერს. შეკითხვაზე, რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის და ყაზახეთის მიერ, დადებითი პასუხი რესპონდენტთა მხოლოდ 20 %-მა გასცა.

რაც შეეხება შეკითხვას, უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 61 %-ს აქვს.

რესპონდენტთა 9 % არც ერთ აღნიშნულ კავშირში გაწევრიანებას არ ეთანხმება, კიდევ 9 %-მა ”არ იცის”, 1 %-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.