”ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ენდობიან და ჩვენ, სამწუხაროდ ამას ვერაფერს ვუზამთ”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს NDI საქართველოს ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა, კვლევის კრიტიკოსების საპასუხოდ განუცხადა.
როგორც თორნტონმა აღნიშნა, ორგანიზაცია კვლევის ჩატარებამდე კონსულტაციებს გადის სხვადასხვა პირებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან, წევრებთან, სამინისტროებთან და პარტიებთან.
”მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვმუშაობთ კვლევაზე და იმ საკითხებზე, რომელიც კვლევაში უნდა დაიფაროს. გავდივართ კონსულტაციებს პარლამენტის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათ ლიდერებთან, პარტიებთან, სამინისტროებთან, სხვადასხვა ადამიანებთან, რომლებიც ძალიან აქტიურად იყენებენ ამ კვლევას თავიანთ მუშაობაში, განსაკუთრებით სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით. მთავარი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს, ვისი მთავარი მოვალეობაც გადაწყვეტილების მიღება და ქვეყნის მიმართულებების განსაზღვრაა, გავაცნოთ, თუ რას ფიქრობს ხალხი, რა პრიორიტეტები აქვთ, რა აწუხებთ, რათა მიიღონ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება მოსახლეობის საჭიროებებზე”, - განაცხადა NDI საქართველოს ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა.