ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა სამეულიდან ტერიტორიული მთლიანობის გაქრობა საგანგაშოა

ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა სამეულიდან ტერიტორიული მთლიანობის გაქრობა საგანგაშოა

”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური კრიზისის სიმწვავის გამო, ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა სამეულიდან ტერიტორიული მთლიანობის თემის გაქრობა საგანგაშოა.

პარტიის წევრი სერგო რატიანი NDI-ს კვლევების შედეგებს ეხმაუება და როგორც განმარტავს, ანგარიში ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს.

„მოსახლეობას ძალიან ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მთავრობამ შექმნა, ამას გამოკითხულთა 81% ადასტურებს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხულთა 42%-ის აზრით, მათი მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ გაუარესდა და 47%-ის აზრით, კი სტაგნაციაა.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის სიმწვავის გამო, სამეულიდან ნაციონალური პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობა გამქრალია,“ -განაცხადა სერგო რატიანმა.

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, როგორია საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, რესპონდენტთა 1 %-მა აღნიშნა, რომ ”ძალიან კარგი”, 2 %-ის შეფასებით ”კარგი”, 29 %-ის აზრით ”საშუალო”, 40 % მიიჩნევს, რომ ”ცუდი”, 26 % ფიქრობს, რომ ”ძალიან ცუდი”, 2 %-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 53 % -ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი გლობალური ეკონომიკური პრობლემებია. რესპონდენტთა 61 %-ის აზრით, ეს ახლანდელი მთავრობის შეცდომებს უკავშირდება, 59 %-ის ვარაუდით კი, შექმნილი ვითარება წინა მთავრობის შეცდომებითაა გამოწვეული.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.