ჯონ კერიმ იაპონიაში ჰიროსიმას მემორიალი დაათვალიერა

ჯონ კერიმ იაპონიაში ჰიროსიმას მემორიალი დაათვალიერა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ იაპონიაში ჰიროსიმას მემორიალი დაათვალიერა. „სიენენის“ ცნობით, ეს არის ისტორიული ვიზიტი, ვინაიდან კერი გახდა პირველი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რომელიც ჩავიდა ჰიროსიმაში, სადაც 1945 წელს აშშ-მა ატომური ბომბი ჩამოაგდო.

„პატივი მქონდა ვყოფილიყავი პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალური მუზეუმი და პარკი დაათვალიერა“, - დაწერა „ტვიტერის“ გვერდზე ჯონ კერიმ.

იგი ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა.

1945 წლის 6 აგვისტოს აშშ-ის ძალებმა ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს, მეორე ბომბი სამი დღის შემდეგ ნაგასაკიში ჩამოაგდეს. დაახლოებით 70 000 ადამიანი ჰიროსიმაში იმ დღესვე, კიდევ ათი ათასობით ადამიანი კი მოგვიანებით სხვადასხვა დაზიანებისა და რადიაციის შედეგად დაიღუპა.

ნაგასაკიში კი ტრაგედიას გავრცელებული ცნობით, დაახლოებით 74 000 ადამიანი ემსხვერპლა.