„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიაში 21 ქრისტიანი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიაში 21 ქრისტიანი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიის ქალაქ ელ-ქარიატეინში 21 ქრისტიანი მოკლეს. ამის შესახებ „ბიბისის“ ცნობით, სირიის ორთოდოქსული ეკლესიის წინამძღოლმა ეფრემ მეორემ განაცხადა. მისივე ცნობით, მოკლულებს შორის სამი ქალია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგულია კიდევ ხუთი ადამიანი, ვარაუდობენ, რომ ისინიც მოკლულები არიან. 

ქალაქი ელ-ქარიატეინი „ისლამურმა სახელმწიფომ“ გასული წლის აგვისტოში დაიკავა. გასულ კვირას კი სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქი გაათავისუფლეს. იქ ამ დრომდე დაახლოებით 300 ქრისტიანი ცხოვრობს. 

მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, სირიის ორთოდოქსული ეკლესიის წინამძღოლს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების თანაცხოვრება შესაძლებელია. 

„ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლეთ. ჩვენ შეგვიძლია ისევ თანაცხოვრება, თუ მშვიდობა იქნება ქვეყანაში“, - განაცხადა ეფრემ მეორემ.