ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის აზრით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულება მნიშვნელოვანია იმით, რომ პოლიტიკური ძალებისთვის არჩევნების კონკრეტული თარიღი უკვე ცნობილია. დეპუტატი თავს იკავებს აღნიშნული აქტის სამართლებრივი ნაწილის შეფასებისგან, რაც დისკუსიის თემად იქცა.
“საკითხის სამართლებრივ ნაწილში დასკვნის გასაკეთებლად იურისტების მოსმენა დამრჩენია. რეალურად მართებული იქნება ყველა მხარეს მოვუსმონოთ, თუ რამდენად დასაბუთებულია პრეზიდენტის განკარგულება. როგორც პრეზიდენტის აპარატი აცხადებს, სამართლებრივად სავსებით მართებული აქტია მიღებული. მე რეალურად ამ აქტის კონკრეტული შედეგი და საზოგადოების ხედვა მაინტერსებს. ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც, ისევე, როგორც მედიისთვის და პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების ზუსტი თარიღის შესახებ ექვსი თვით ადრე იცოდნენ, საშუალება ჰქონდეთ პოზიცია ჩამოაყალიბონ და იმ გამოწვევას უპასუხონ, რასაც არჩევნები ჰქვია. კარგია, რომ ჩვენ ვიცით, როდის ტარდება საპარლამენტო არჩევნები“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოსლკიმ.
საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე გიორგი მარგველაშვილის განკარგულების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნული განკარგულება კი ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა, რითაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისა და მასთან დაკავშირებული საარჩევნო რეგულაციების ამოქმედების გადავადება მოხდა.
განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 5 აპრილს გამოსცა და პრემიერ-მინისტრს ხელმოსაწერად გუშინ გადაუგზავნა.