მიხეილ მაჭავარიანი არჩევნების დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულებების 8 აგვისტოდან ამოქმედებას ”ტაკიმასხარაობას” უწოდებს

მიხეილ მაჭავარიანი არჩევნების დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულებების 8 აგვისტოდან ამოქმედებას ”ტაკიმასხარაობას” უწოდებს

ეს არის ტაკიმასხარაობა, - ასე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე გუშინ გამოცემული განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.

როგორც მიხეილ მაჭავარიანმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერს არასაერიოზული დამოკიდებულება აქვს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

”გუშინ შეიკრიბნენ პრემიერ-მინისტრთან ისე, ბავშვები რომ შეკრიბებიან და ”იბურჭალებენ”. შემდეგ გამოვიდა პრეზიდენტი, ჩაატარა ბრიფინგი და დღეს თქვა, რომ ”ნიჩურიტი” მეკავაო. ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის მიმართ, როგორიც არის არჩევნები. არჩევნები 8-ში დაინიშნება, 1-ში თუ 25-ში, ”ნაიცონალური მოძრაობა” აუცილებლად გაიმარჯვებს და ”ქართული ოცნება” დამარცხდება, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც უდგებიან საკითხს, ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება”, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, არჩევნების განკარგულების გამოსვლიდან აბსოლუტურად სხვა ნორმები შედიოდა ძალაში, რაც არ იცოდნენ პრემიერმა და პრეზიდენტმა.

”როგორც ჩანს, გუშინ ეს არ იცოდა პრეზიდენტმა, არც პრემიერმა, დღეს ვიღაც ჭკვიანმა ეტყობა უთხრა და გათვალეს რა პრობლემები შეიძლება ყოფილიყო”, - განაცხადა მიხეილ მაჭავარაიანმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მას ეს გადაწყვეტილება არ გაკვირვებია. ”ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდებოდა”, -განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. ორივე განკარგულება კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა.

როგორც ცნობილია, კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება ”საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია იწყება. ამას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირის ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.