„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ”რესპუბლიკური პარტია” ჯერ იმაზეც კი ვერ ჩამოყალიბებულა ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში.
როგორც აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას არ გონია, რომ ”რესპუბლიკელებს” შეუძლიათ რაიმე ზიანის მიყენება „თავისუფალი დემოკრატებისთვის“. ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უკვე კარგად გაარკვია თუ ვის უნდა მისცეს ხმა და ვის უნდა დაუჭიროს მხარი. აქედან გამომდინარე, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ”რესპუბლიკური პარტია” თუ ვინმეს არჩევნებზე ხმას წაართმევს, ეს „ქართული ოცნება“ იქნება. აბაშიძე მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცილებით მეტი საერთო აქვთ, ვიდრე „რესპუბლიკურ პარტიას“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, ან „ნაციონალურ მოძრაობას“ და „თავისუფალ დემოკრატებს“.
ზურაბ აბაშიძე არჩევნების დანიშვნის თარიღსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ არჩევნები ოცი დღით ადრე იქნებოდა თუ ოცი დღით გვიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვინც არჩევნებისთვის მომზადებულია, მისთვის თარიღი არაფერს წყვეტს.
„ვინაიდან ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ჩვენთვის მისაღებია. უბრალოდ, არ ვიცი კარგად აქვს თუ არა გაცნობიერებული მთავრობას ის პროცედურები, რომელიც გასავლელია, რადგან არის მთელი რიგი საკითხები, წესები, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვა, კანდიდატების და სიების რეგისტრაცია და ა.შ. ვფიქრობ, ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსი ბოროტად არ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
იგი დარწმუნებულია , რომ არჩევნები 8 ოქტომბერს არ დასრულდება საქართველოში, ვინაიდან, ძალიან ბევრ ადგილას არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, სწორედ აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, მომავალი პარლამენტი ნოემბრამდე ვერ შეიკრიბა.
კითხვაზე, როდის იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ დაზუსტებული სია საზოგადოებისთვის ცნობილი, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ პარტიის ძველ და ახალ წევრებს უკვე საზოგადოება კარგად იცნობს, ხოლო რაც შეეხება სიას, ის პროცედურებით, ვადებში გახდება ცნობილი. ზურაბ აბაშიძის თქმით, ბლოკის ან კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით „თავისუფალმა დემოკრატებმა“, გუნდმა გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უკვე მიიღეს და არანაირი ბლოკი ან კოალიცია არ შეიქმნება.