პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე წინასაარჩევნო პერიოდში კომპრომატების ტალღას ელოდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სოსო ცინცაძემ განუცხადა, წინასაარჩევნო კაპანიის დროს კონკურენტული გარემო საეჭვოა, უფრო მოსალოდნელია ქაოტური სიტუაცია.
”კომპრომატების ტალღა რომ მოსალოდნელია, ეს ფაქტია, ვინაიდან ჯერ არჩევნების თარიღიც არ იყო დანიშნული, რომ ეს ყველაფერი უკვე დაიწყო, იგივე ფარული ჩანაწერების გავრცელება. როგორც ეტყობა, ეს მხოლოდ ყვავილებია, ნაყოფს ცოტა მოგვიანებით უნდა ველოდოთ. ბოთლიდან რომ ჯინს ამოუშვებ, მერე მისი უკან ჩამწყვდევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება. როდესაც იმ ხალხმა, ვინც კომპრომატების სპეციალისტები არიან, გემო გაუგო და ეშხში შევიდა, მაშინ უკვე წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში თითო ასეთ კომპრომატს შავი ოქროს ფასი დაედება, ამიტომ ბინძური წინასაარჩევნო კამპანია გველის. ჩვენ მიჩვეულები ვართ ერთი პოლიტიკური დომინირებული ძალის მიერ წარმართულ წინასაარჩევნო კამპანიას, სადაც აზრიც არ აქვს ხოლმე ვიღაცასთან კამათს, ან კონკურენციის გაწევას, ვინაიდან გარემო კონკურენტუნარიანი არ არის. დღესაც კონკურენტული ცოტა საეჭვოა, მაგრამ ქაოტური გარემო მოსალოდნელია. მღვრიე წყალში თევზის დაჭერის სურვილით ბევრი მებადური გამოჩნდება”, - განაცხადა ცინცაძემ.
პოლიტოლოგის შეფასებით, ბევრზე ჯერ კიდევ განაჩენი არ გამოუტანიათ იმ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ.
”სოციალ დემოკრატები”, ”მრეწველები” და ალბათ ”კონსერვატორები” ისეთ პოზაში დგებიან, თითქოს მაგათზეა დამოკიდებული დარჩებიან თუ არა. ისინი უბრალოდ ლოდინის რეჟიმში არიან და იმ საოცნებო კაბინეტის მისაღებში არიან ჩაცუცქულები და ელოდებიან, როდის შეუშვებენ იქ, თუ განაჩენს გამოუტანენ, რომ თქვენს თავს თავად მიხედეთო. ამიტომ იუმორისტულ ელფერს იღებს ეს ყველაფერი. ტრაგედიის სტილში ცოტა მოგვიანებით გადავა, როდესაც კომპრომატები დაიწყება. ჯერ კომედიაა, დრამა მაშინ იქნება”, - განაცხადა ცინცაძემ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს დღეს გადაეგზავნა.