გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარეს ლიუ იანზონგს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა „აბრეშუმის გზის“ რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისა და რეგიონულ პროექტებში საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის, აქტიურად ჩართვის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ „აბრეშუმის გზა“ საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, ასევე, გამოითქვა იმედი, რომ აბრეშუმის გზის აღდგენით საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას – იყოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი.

შეხვედრაზე საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე ისაუბრეს. გამოითქვა კმაყოფილება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მკვეთრი გააქტიურების გამო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას, საშუალებას მისცემს ბიზნესმენებს დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები და ჩაერთონ საერთაშორისო კომერციულ ქსელებში.

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აბრეშუმის გზის საკითხებში, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე წარუდგინა.

საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა 2015 წელს ჰონგ-კონგში დაარსდა და მასში 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები არიან გაერთიანებული. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი დაესწრო.