სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა

სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" პირველი ეტაპი დასრულდა

თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" პირველი ეტაპი დასრულდა.  პროექტის   მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერის მოადგილეებმა ნინა ხატისკაცმა და ირაკლი ლექვინაძემ გადასცეს.

ღონისძიებაზე სტაჟირების პროგრამის პირველი ეტაპი შეაჯამეს და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რაც  პროექტში ჩართულ სტუდენტებს ეძლევათ.

პროექტი თბილისის მერიის ინიციატივით,  2015 წლის დეკემბრიდან ხორციელდება და მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში  დამამთავრებელი  კურსის სტუდენტთა სამთვიან სტაჟირებას გულისხმობს. პროგრამის მიზანია მონაწილეებმა, სპეციალობის შესაბამისად, აიმაღლონ პრაქტიკული უნარები და სხვა დარგობრივი თუ ზოგადი კომპეტენციები.

თბილისის მერის შეფასებით, ,,დაიწყე კარიერა" ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

„სტუდენტებს საშუალება მიეცათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაეტანათ. ჩართულები იყვნენ მერიის სამსახურების ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ გაიღრმავეს ცოდნა და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პირველ ეტაპზე სტაჟირება 100-მდე სტუდენტმა გაიარა.  მალე  პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყება. სტაჟირების მონაწილეობის წესი და შერჩევის კრიტერიუმები მერიის ვებ გვერდზე განთავსდება. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, საკრებულოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მერიის დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.