ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ”ქართული ოცნების” სიის ძირეულ ცვლილებას ვარაუდობს. როგორც საყვარელიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ცვლილებების შესახებ თავად ”ქართული ოცნებაც” საუბრობს.
”ძალიან შეიცვლება სია. ძალიან ხშირად ამბობს ”ქართული ოცნება”, რომ სია განახლდება. ეს განახლება შესაძლოა მრავალნაირი აღმოჩნდეს. ძალიან ბევრი საუბრობს და მათ შორის მეც ლოგიკურად მეჩვენება, რომ განახლება მოხდეს იმ გუნდის საფუძველზე, რომელსაც ”20-30” ეწოდა. არაერთხელ აღინიშნა, რომ იქნება ექსპერტების ახალი გუნდი. სავარაუდოა, რომ ახალ გუნდს გარკვეული პოლიტიკური ფუნქცია მიენიჭება, თუმცა, ეს ერთ-ერთი ვერსიაა. ვინ შეიძლება დარჩეს და ვინ არა, ყველას გვაინტერესებს. ეს ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად რჩება ქართული პოლიტიკის”, - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილი აიღებს პასუხისმგებლობას და იქნება პირველი ნომერი ”ქართული ოცნების”.
”რაც შეეხება კვირიკაშვილის პირველ ნომრად გამწესებას. ყველა პარტია წინასაარჩევნოდ დიდი სიფრთხილით ეკიდება სიას. კვირიკაშვილი როგორც საკმაოდ შედეგიანად შემოსული ახალგაზრდა კაცი, ის აიღებს პასუხისმგებლობას და პირველ ნომერს”, - აღნიშნა ექსპერტმა.