აშშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას სრულად უჭერს მხარს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს სასტუმრო ”რედისონში” განუცხადა, სადაც ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მიმდინარეობს.
„ნატო-მ განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტი დაეხმარება საქართველოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას“, - განაცხადა იან კელიმ.
ჟურნალისტებთან საუბარში კელი აშშ-ში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აშშ-ში, ზოგიერთი კანდიდატის განცხადების მიუხედავად, კარგად ესმით ნატო-ს როლი და მნიშვნელობა მსოფლიოში.
იან კელიმ განცხადება მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია იქ არსებული სიტუაციით.
„ქართველ მაღალჩინოსნებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველდღე ვესაუბრები საგარეო საქმეთა და ასევე თავდაცვის მინისტრებს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია და ვითარების მოლაპარაკებათა პროცესში გადაყვანა“, - განაცხადა იან კელიმ და იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო პროცესის განახლებას ეუთო-ს მინისკის ჯგუფი უახლოეს მომავალში შეძლებს.
„სამხედრო გადაწყვეტილება გამოსავალი არ არის“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.