”ნაციონალურ მოძრაობასთან” პარტნიორობა პარტიებისთვის ლამის სასიკვდილო განაჩენია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, პარტია, ვინც შესაძლოა ”ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას დათანხმდეს, ”გირჩია”.
”ფაქტია, რომ ”ნაციონალურ მოძრაობასთან” პარტნიორობა პარტიებისთვის რამის სასიკდილო განაჩენია. შესაძლოა ”გირჩი” აღმოჩნდეს ასეთი პარტია, რომელიც თავისთავად ”ნაციონალური მოძრაობაა”. ვერ ვხედავ იმ პარტიას, რომელიც დაუკავშირებს თავის სახელს ”ნაციონალურ მოძრაობას”, - განაცხადა საყვარელიძემ.
გუშინ ''ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ არ გამორიცხა, რომ ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია შექმნას.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის დღეს გაკეთებული განცხადებით კი, არჩევნებისთვის არანაირი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე საუბარი არ არის. მისივე თქმით, პარტია არჩევნებზე გავა ისე, როგორც გადიოდა წინა წლებში.
''განსხვავებით ბოლო ორი არჩევნებისგან, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და აუცილებლად შევცვლით იმ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანას უძრაობის და უიმედობის მეტი ვერაფერი მოუტანა'',- განაცხადა დავით ბაქრაძემ.