სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროგრამა “INOGATE”-ის ფარგლებში ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებმა, პროგრამა “INOGATE”-ის ექსპერტებმა, ენერგეტიკული კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, პროგრამა “INOGATE”-ისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ არის ორგანიზებული და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვა.
მოწვეული უცხოელი და ქართველი ექსპერტები ასევე ისაუბრებენ ენერგოეფექტურობის შესახებ სამოქმედო გეგმაზე და მერების შეთანხმებაზე. მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა. იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.