მთიან ყარაბაღში მთელი ღამის განმავლობაში სროლა მიმდინარეობდა

მთიან ყარაბაღში მთელი ღამის განმავლობაში სროლა მიმდინარეობდა

მთიანი ყარაბაღის ზონაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ბოლო ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები პოზიციების დაცხრილვას მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. 

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი არცრუნ ჰოვანისიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები "სმერჩი" გამოიყენეს. 

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი ღამის საათებში მოხდა, რა დროსაც გაგრძელდა დასახლებული პუნქტებისა და საბრძოლო პოზიციების დაცხრილვა, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული პოზიციები ნაღმმტყორცნებით 120-ჯერ დაცხრილეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ვაგიფ დარგიახლიმ სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა.

მისი ცნობით, "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ფრონტის ხაზსა და შაბათს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სიტუაციას აკონტროლებენ".
მთიანი ყარაბაღის ზონაში ვითარება 2 აპრილს გამწვავდა. 

გაერო-ს ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის ესკალაციას 33 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი დაშავდა.