არსებული ინფორმაციით, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროპარლამენტი 7 აპრილს განიხილავს. როგორც euronews.ge წერს, საკითხის პირველი მოსმენით განხილვა 7 აპრილს ევროპარლამენტის სამოქალაქო უფლებების, შინაგანი საქმეებისა და მართლმსაჯულების კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.
„კერძოდ, ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურის წესით, კომიტეტი იმსჯელებს 2001 წლის ევროკავშირის #539-ე რეგულაციაში შესწორების შეტანაზე. საკითხზე მომხსენებელი არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი გერმანიიდან კლაუს-ჰაინერ ლენე.
11-14 აპრილს გაიმართება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, რომელიც კომიტეტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სავარაუდოდ, კენჭს უყრის გადაწყვეტილებას, თუმცა დღის წესრიგში საკითხი ჯერ არ არის შეტანილი.
პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტი პირველი მოსმენით დაამტკიცებს რეგულაციაში ცვლილებას, იგი საკითხს განსახილველად გადაუგზავნის ევროკავშირის საბჭოს, რომელიც ვალდებულია განიხილოს საკითხი, თუმცა არ არის ვალდებული გაითვალისწინოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუ ევროკავშირის საბჭო არ დაამტკიცებს ცვლილებას, გადაწყვეტილება არ შევა ძალაში“, - წერს euronews.ge.