გიორგი კვირიკაშვილი იქნება პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი და „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მოტივაციაც ძირითადად ეს არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი იმ ცვლილებების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი.
„ჩვენ გვაქვს განზრახვა, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, ძალიან მალე ოფიციალურად დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს. რა თქმა უნდა, აქ დასამალი რა არის. მოტივაციაც გასაგებია ყველასთვის. იგი იქნება ჩვენი გუნდის ლიდერი, ჩვენი კოალიციის ლიდერი. რაც არ უნდა კომენტარი გაკეთდეს ამაზე მომავალ არჩევნებამდე, იგი იქნება პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი და თავისთავად ამ საკანონმდებლო ინიციატივის მოტივაციაც ძირითადად ეს არის“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ და დასძინა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით არგუმენტებს ის განხილვების დროს წარმოადგენს.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ავტორები პარლამენტის წევრები - გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და ვახტანგ ხმალაძე არიან, ხოლო ინიციატორები - ზვიად კვაჭანტირაძე და ვახტანგ ხმალაძე.