ლევან გაჩეჩილაძე შესაძლოა ”მაესტროს” გენერალური დირექტორი აღარ იყოს. არსებული ინფორმაციით, არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძესა და ერთ-ერთ მეწილეს, მაკა ასათიანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში განსახილველი ერთ-ერთი საკითხი სწორედ დირექტორის თემაა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ”მაესტროს” დირექტორის თანამდებობაზე ზურაბ ნაყეურის კანდიდატურა განიხილება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობს გაჩეჩილაძეების ადვოკატი. როგორც ირაკლი კორძახიამ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ”ყველაფერი დამფუძნებელთა კრებაზე გადაწყდება, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული”, თუმცა ადვოკატი ადასტურებს, რომ დირექტორის საკითხი ასათიანთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში განხილვის ერთ-ერთი თემაა.
”ხვალ ჩატარდება კრება და ვნახოთ, რა მორიგება იქნება მიღწეული. პარტნიორები ბევრ საკითხზე საუბრობენ, რათა ”მაესტროს” ფუნქციონირებას პრობლემები არ შეექმნას და ერთ-ერთია დირექტორის საკითხი, თუმცა დღეისთვის ვერაფერს დავაკონკრეტებ”, - აღნიშნა ირაკლი კორძახიამ.