კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ უმრავლესობიდან ”ეროვნული ფორუმის” გასვლით, ”რესპუბლიკელების” და დამოუკიდებელი დეპუტატების მანდატების ღირებულება გაიზრდება.
როგორც მენაბდემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, უმრავლესობის ლიდერისთვის მუშაობა ორგანიზაციულად გართულდება, მაგრამ ინსტიტუციურად განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება.
”ეროვნული ფორუმი” 6 მანდატს აკონტროლებს პარლამენტში, მათი გამოსვლა ინსტიტუციური თვალსაზრისით არავითარ ცვლილებებს არ გამოიწვევს, თუმცა რა თქმა უნდა, ორგანიზაციული თვალსაზრისით პრობლემები შესაძლოა შეიქმნას. ვინაიდან, უმრავლესობას ისედაც პრობლემები ჰქონდა, მარტივად კვორუმის შეკრებასაც კი ვერ ახერხებდნენ. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, ”რესპუბლიკელებმა” განაცხადეს, რომ აქტიური ოპონირების რეჟიმში გადადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება რესპუბლიკელები ვიხილოთ აქტიურ ოპოზიციაში, ეს უკვე უმრავლესობის დაკარგვას ნიშნავს არა ზოგადად, არამედ თემატურ საკითხებში”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
მისივე თქმით, შესაძლოა ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას განვითარებულმა მოვლენებმა დადებითი გავლენა მოახდინოს.
”იქნება საკითხები, სადაც მისი თემატურობა იქნება უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა ამავდროულად ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს პრაქტიკაში, ვინაიდან ჩვენ რეალურად არ ვიცით რა ხდება დახურულ კარს მიღმა, რა მოტივები აქვთ ამა თუ იმ პარტიას და რა მოლაპარაკებები ჰქონდათ უმრავლესობასთან. მოლაპარაკებები ცხადია არსებობს, ამაში განსაკუთრებული არაფერია. უმრავლესობიდან გამოსვლის მოტივი არის ის, რომ ”ოცნებას” უნდა მარტო გასვლა არჩევნებზე და არა ის, რომ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. ეს უცნაური მოტივი, რომელიც ღირებულებებს გვერდზე გადაწევს და მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე აკეთებს აქცენტს, ბუნდოვანს ხდის ჩვენს მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიციებს უნდა ელოდოთ ამა თუ იმ მხრიდან”, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
ფრაქცია ”ეროვნულმა ფორუმმა” საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები დატოვა.