Panama Papers-ის ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება

Panama Papers-ის ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, ე.წ. პანამის ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება. როგორც euronews.ge წერს, ოლანდმა შესაბამისი განცხადება დოკუმენტების გავრცელების საკითხზე კომენტირებისას გააკეთა.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ რადგან ეს ინფორმაცია გაჟღერდა, გამოძიება ჩატარდება, საქმეები გაიხსნება და სასამართლოები გაიმართება. ეს გამოაშკარავება კარგი ახალი ამბავია. ვინაიდან ეს გაზრდის საგადასახადო შემოსავლებს იმათგან, რომლებმაც თაღლითობა ჩაიდინეს," - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურის უფროსიც. ჯენი გრეინჯერიც თქმით, “სასწრაფო და სრული გამოძიება იქნება ჩატარებული ამ მონაცემებზე”.

გარდა ამისა, გავრცელებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საგადასახადო საკითხთა კომისარმა პიერ მოსკოვიჩმაც. მისი განცხადებითაც, ევროკავშირისთვის ეს არის “მშვენიერი ინფორმაცია” გამოძიების დასაწყებად.

მსოფლიოს უმსხვილესი მედია გამოცემებისთვის ხელმისწავდომი გახდა 11,5 მილიონი დოკუმენტი, რომელიც პანამურ იურიდიულ კომპანია Mossack Fonseca-ს ეკუთვნის.

ჟურნალისტური გამოძიება, სახელწოდებით Panama Papers-ს პანამური იურიდიული კომპანიის დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩატარდა. დოკუმენტების თანახმად, ირკვევა, რომ Mossack Fonseca რიგ შემთხვევებში თავის კლიენტებს ხელს უწყობდა ფულის გათეთრებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და სხვადასხვა სანქციებისთვის გვერდის ავლაში.