საპარლამენტო უმრავლესობა რომ საერთოდ არ იყოს ამ ეტაპზე, ესეც არ არის კატასტროფა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ "ეროვნული ფორუმის" დღევანდელი გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც გედევან ფოფხაძემ განაცხადა, თავის დროზე ყველა მივეჩვიეთ იმას, რომ ქვეყანაში ყოველთვის იყო უმრავლესობა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ რეალურად არ არსებობს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ერთობა, რომ პარლამენტში 100 კაცზე მეტი ერთ ჭკუაზე დადგეს.
"ეროვნულ ფორუმსა" და "რესპუბლიკელებს" შორის ცოტა განსხვავებული მოცემულობაა, იმიტომ, რომ "რესპუბლიკელები" მთავრობაში მინისტრები არიან. სამთავრობო კოალიციის წევრები არ არიან "ფორუმელები". ეს მოცემულობა "ფორუმისთვის" ცოტა განსხვავებული იყო. მე ყოველთვის ვგრძნობდი იმას, რომ კოალიციაში სუბიექტებს ჰქონდათ იმის განცდა, რომ უნდოდათ იდენტიფიცირება, უნდოდათ დაეფიქსირებინათ, რომ ისინი რაღაცის ნაწილები კი არიან, მაგრამ არიან როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები. "ფორუმი" ალბათ ამ პერიოდს გამოიყენებს მაქსიმალურად იმისთვის, რომ როგორც თავისი დამოუკიდებელი სახე წარმოაჩინოს საზოგადოების წინაშე, ასევე პარლამენტში რაღაც დონეზე დამოუკიდებელი პოზიციები დააფიქსიროს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
დეპუტატს არ ჰგონია, რომ "ეროვნული ფორუმის" დამოუკიდებელი პოზიციები მაინცდამაინც ხისტი იქნება.