ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობა ერთიანი ძალებით შეეცადოს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ბენჟამენ ზიფმა ჟურნალისტებს ”რედისონში” განუცხადა, სადაც ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მიმდინარეობს.
„მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას ამ შესანიშნავი კონფერენციის გამართვა. ძალიან მნიშნველოვანია ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მთავრობასა და საზოგადოებაში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ცდილობს ამ საკითხზე ერთიანი ძალებით მოახდინოს რეაგირება, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა შეიკრიბოს ყველა ერთად და განიხილოს ეს საკითხი, ასევე იფიქროს, თუ როგორ გააკეთოს ეს და შემდეგ განახორციელოს“, - აღნიშნა მან.
ამერიკელმა დიპლომატმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო შეუერთდება ნატოს.
„ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რაც კონკრეტული მოქმედებების, წვრთნებისა და თანამშრომლობის აღმნიშვნელია. ვფიქრობ, ყველა აღიარებს საქართველოს ავღანეთის მისიაში შეტანილ წვლილს, სადაც 30-ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ.