ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტია

ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტია

საერთაშორისო ჟურნალი“Caspian Energy-სთან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

„როგორც იცით, კერძო სექტორი ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალაა. ძლიერი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარანტიას იძლევა, არამედ მსოფლიოში ამ ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესების მტკიცე საფუძველსაც ქმნის. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ძლიერი კერძო სექტორის შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი გეგმით გათვალისწინებული ყველა ინიციატივა, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგადასახადო რეფორმა, კერძო სექტორისათვის მიწოდებული საჯარო მომსახურების გაუმჯობესება და საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უკეთეს ცხოვრებაზე ოცნების ხორცშესხმა, რადგან მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების მიუხედავად, მთავრობას კიდევ ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, რის შედეგადაც ამაღლდა ხალხის კეთილდღეობა, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველის. ჩვენი მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, და ევროინტეგრაციის გაღრმავება, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს კონკრეტული სარგებელი, მაგალითად, ევროპაში უვიზო მიმოსვლა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.