თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საქართველისთვის უკიდურესად სახიფათოა

თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საქართველისთვის უკიდურესად სახიფათოა

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საქართველისთვის უკიდურესად სახიფათოა. ,,ეს არის ჩვენთვის უკიდურესად სახიფათო იმიტომ, რომ თუ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ფრონტის ხაზი არის ყარაბაღი, ჩვენთვის ფრონტის ხაზი სამწუხაროდ, არის თბილისი. რუსული ბაზა არის სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ახლოს და თუკი სიტუაცია გამწვავდა და რუსეთში ჩათვლიან, რომ სჭირდებათ სამხედრო კორიდორი საქართველოზე, ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რადგან თბილისი ახლოს არის მათ ბაზებთან, პრინციპში ჩვენ ვიქნებით უშუალოდ დარტყმის ქვეშ. ჩვენ არ უნდა ავყვეთ არანაირ ემოციებს და უნდა ვიყოთ მობილიზებული იმისთვის, რომ როგორმე მივაღწიოთ დეესკალაციას. იმედია, ქართული მხარე ამაში რაიმე წვლილს შეიტანს”, - განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს კონფლიქტი უნდა ჩაცხრეს რაც შეიძლება სწრაფად, რადგანაც მისი გამწვავების შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს ჩვენთვის საზიანო. ,,ისევ და ისევ, რუსეთმა ჩვენგან შეიძლება მოითხოვოს კორიდორი. ამისთვის ჩვენ მზად არ ვართ არანაირად. თუ ჩვენ კორიდორს გავხსნით ბუნებრივია, იქნება კატასტროფა, იმიტომ, რომ ჩვენ კონფლიქტში ვებმებით. თუ ჩვენ რუსეთს უარს ვეტყვით, არ უნდა დავივიწყოთ რომ თბილისი არის პირდაპირ ფრონტის ხაზზე და რუსული ბაზაა აქვე. ასე, რომ ემოციებს არ უნდა ავყვეთ და ან ერთ ან მეორე მხარეს დავუჭიროთ მხარი. ნუ გვექნება ახლა იმის ილუზია, რომ აზერბაიჯანმა შეიძლება ტერიტორიები დაიბრუნოს ახლა და მერე ჩვენც დავიბრუნებთ ტერიტორიებს. ეს ასე მალე არ მოხდება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დაცხრეს”, - განაცხადა შარაშენიძემ.