"თბილისის ქუჩებში ნატო-ს დროშები ჩვეულებრივ ამბად იქცა"

ნატო-ს კვირეული 2016 ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“  ნატო-ს კვირეულის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. ფორუმზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და მინისტრის მრჩეველი  შოთა ღვინერია.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ჩატარებასა და  საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებაზე გაამახვილა ყურადღება.

"ეს ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, რომ უფრო ფართოდ განვიხილოთ საკუთარი სტრატეგიები და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სტრატეგიული კომუნიკაცია იმისათვის, რომ იგი გახდეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტი როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ღონისძიება საინტერესო კვირას დაემთხვა. 

„საინტერესო სტუმრები არიან, საინტერესოა თვითონ კვირეულისთვის და ასევე, საინტერესოა რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის თაობაზე დისკუსიისთვის. საქართველოში უკვე მეცხრე წელია კვირეული ტარდება. როდესაც თბილისის ქუჩებში ნატო-ს დროშები ჩვეულებრივ ამბად იქცა, ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო დიპლომატია, საუკეთესო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. იმედი მაქვს, ეს კვირა ძალიან წარმატებული იქნება. ეს ერთგვარი საინტერესო სტარტია 26 მაისის, ქვეყნის 25 წლის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლისთვის, რომელიც აპრილის შუა რიცხვებიდან გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის კუთხით ისაუბრა.

"ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად თავსებადია ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რეფორმა დავასრულეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ რეფორმებს. აღნიშნულს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი პარტნიორებიც ადასტურებენ და ამას ადასტურებს ის მოქმედებები და თანამონაწილეობა იმ ოპერაციებში, რასაც საქართველო ნატოსთან ერთად ახორციელებს", - განაცხადა კაპანაძემ.  

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. ფორუმის მეორე დღე ნატო-ს ვარშავის სამიტამდე საქართველოს გზას და ამ კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტურ როლზე საუბარს დაეთმობა. პანელის მთავარი მომხსენებლები საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი იქნებიან. პანელში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, შოთა ღვინერია.

ნატოს კვირეული 19 აპრილამდე გაგრძელდება. კვირეულში თავდაცვის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული. ნატოს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.