ლევან გერაძე მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს

ლევან გერაძე მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს

ექპერტი ლევან გერაძე მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს და მხარეებს შუამავლის როლი შესთავაზოს.

როგორც გერაძემ "ინტერპრესნიუსს" ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებში საქართველოს როლის კომენტირებისას განუცხადა, ჩვენს ქვეყანას აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც მეგობრული ურთიერთობები აქვს, ამიტომ მისი როლი შესაძლოა პოზიტიური იყოს.

"გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქვეყანასთან გვაქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ შუამავლის როლი. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური დიასპორა და მათი ხელშეწყობით და მათი რესურის გამოყენებითაც გარკვეული მესიჯების გაიგზავნოს. თუ კონფლიქტი არ შეჩერდა და მოხდა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია, მაშინ სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება გავატაროთ თუ არა ის შეიარაღებული ძალები, რომელიც მოისურვებენ ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ ამ კონფლიქტში ჩართვას", - აღნიშნა ექსპერტმა.

გერაძე მიიჩნევს, რომ პრობლემები საკმაოდ სერიოზული შეიძლება იყოს, თუმცა, ის მაინც ფიქრობს, რომ სიტუაცია აქამდე არ მივა.

"კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს, არის ლტოლვილების გამოდინების საკითხი. აქაც დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია არ მივა ისეთ კონდიციამდე, რომ შესაძლებელი გახდეს გარკვეული პრობლემების პროვოცირება. მე მაინც შედარებით ოპტიმისტურად ვუყურებ მოვლენათა განვითარებას და დიდი იმედი მაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში მშვიდობიან ფორმატში გადავა მოვლენები", - აღნიშნა გერაძემ.

კითხვაზე, რამდენად არსებობს საფუძველი ითქვას, რომ სიტუაცია დასტაბილურდება, გერაძემ უპასუხა, რომ გამომდინარე განცხადებებიდან, რომელსაც მხარეები აკეთებენ, ამის თქმის საფუძველი არსებობს,

"ძალიან რთული სათქმელია ამის თქმა, რადგან მე ინფორმაცია მხოლოდ ღია წყაროებიდან მაქვს, თუმცა თუ გადავხედავთ ერთი და მეორე მხარის მასმედიის საშუალებებს, ყველა აღნიშნავს თავის გამარჯვებებს და ა.შ. მგონია, რომ ახლა ის სტადიაა, როცა ძალიან რთულია მშვიდობაზე საუბარი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მხარემ განაცხადა მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მე იმედი მიჩნდება. ბევრწილად საფრანგეთისა და რუსეთის ფედერაციის ჩართულობა იძლევა საფუძველს, რომ მინსკის ჯგუფი ამოქმედდება და შესაძლებელი გახდება მშვიდობიან ფორმატში ურთიერთობების გადატანა", - განაცხადა გერაძემ.