სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში განახლებული დაპირისპირების შედეგად. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი იტყობინება.
"ოფიციალური წყაროების მიხედვით, სომხეთსა და აზერბაიჯანში სულ მცირე 30 სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რაც შეეხება დაშავებულების საერთო რაოდენობას, ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა, არაოფიციალური წყაროების ცნობით, მათი რიცხვი 200-ს აღემატება", - წერია გაერო-ს ოფისის განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, იმ სოფლებში, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს 14.4 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამასთან, როგორც გაერო-ს წარმომადგენლები ამბობენ, მათ არ აქვთ ინფორმაცია დაზიანებული ინფრასტრუქტურის და მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ.
"აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები არ არიან, ამავე დროს სომხური მხარე ამბობს, რომ მათ ერევანში 50 ადამიანისგან მიიღეს დროებითი თავშესაფრის მინიჭების შესახებ თხოვნა. ორივე მხარე აცხადებს, რომ არ საჭიროებენ ჰუმანიტარულ დახმარებას", - წერია გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის განცხადებაში.