კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ ახალი კოალიცია შექმნან

კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ ახალი კოალიცია შექმნან

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე აპირებენ კოალიციიდან არჩევნებზე ყველა პარტია ცალკე გავიდეს და არჩევნების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმატში იქნება თანამშრომლობა მომავალ პარლამენტში.

"მე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელი იყოს შემდეგ ისევ შეიქმნას კოალიცია", - აღნიშნა კალაძემ.

უშუალოდ პროცესს რაც შეეხება, კახა კალაძე ფიქრობს, რომ ეს არის ძალიან დადებითი და მისასალმებელი.

"მე რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ, რომ პროცესები, რომელიც მიდის არის მისასალმებელი, არის დემოკრატიის ნაწილი და საქართველომ 2012 წლიდან ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. თქვენ იცით, რომ არის სხვადასხვა გემოვნების ამომრჩეველი და ყველას ექნება საშუალება გააკეთოს თავისი არჩევანი. აღარ იქნება მუდმივად საუბარი იმაზე, რომ ერთი პარტიის ხათრით მეორეს ან მესამეს ვაძლევ ხმას. ამომრჩეველს ძალიან ბევრი საშუალება ექნება გააკეთოს სწორი არჩევანი", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება პარტია "ქართული ოცნების" განახლებას, როგორც კალაძემ აღნიშნა, ახალი სახეების შერჩევისას აქცენტი იქნება გაკეთებული სუფთა წარსულზე, განათლებაზე და პროფესიონალიზმზე.