ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს პირველი ასეთი ფორუმია საქართველოში, რომლითაც 2016 წლის ნატო-ს კვირეული იწყება.
"მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მტკიცედ და თანამიმდევრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გვერდში გვიდგას ევროკავშირსა და ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი მხრივ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები გავხადოთ შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. საქართველოს აქვს პროგრესი და ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას და ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ნატო-ს მისიებში. ნატო-სთან დაახლოების მიმართულებით ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით. იმედი მაქვს, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველო მკაფიო გზავნილს მიიღებს", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას.
"დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს და სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა დღევანდელი ფორუმი. სახალხო დიპლომატიის ფორუმი სწორედ ის ფორმატია, რომელიც იძლევა ახალი გამოწვევებისა და სტრატეგიების განხილვის, ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და შედეგების შეჯამების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საქართველოში სახალხო დიპლომატიის ფორუმის ჩატარება ყურადღების ცენტრში მოაქცევს ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. დარწმუნებული ვარ, თბილისის ფორუმი ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს – ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს.