ნატოს კვირეულის ფარგლებში საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწვდით ინფორმაციას იმ სარგებლის შესახებ, რომელიც ნატოში ინტეგრაციის კუთხით გააჩნია საქართველოს, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც ნატოს კვირეული გაიხსნა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პროცესი გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
"აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გავრცელებული ანტიდასავლური მითების და პროპაგანდის საწინააღმდეგოდ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ", - განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველოში 4-დან 19 აპრილამდე ნატო-ს კვირეული გაიმართება. კვირეული დღეს, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე თედ ვაითსაიდი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ბენჟამენ ზიფი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ქართველი და უცხოელი ექსპერტები.