ფოთში მძღოლების გაფიცვა შეწყდა

ფოთში მძღოლების გაფიცვა შეწყდა

ფოთში მძღოლების გაფიცვა შეწყდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეს ადგილობრივი მთავრობის წევრებთან ერთად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა. 

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მძღოლების მოთხოვნები და პრეტენზიები მოისმინეს და მათ დაჰპირდნენ, რომ აღნიშნულ საკითხს ორი კვირის განმავლობაში განიხილავენ და შესაბამის ზომებს გაატარებენ. მათივე ინფორმაციით მძღოლებთან მორიგი შეხვედრა დეტალების გაცნობის შემდეგ ისევ შედგება. 

ფოთში თითქმის ერთი კვირაა, რაც სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციებს აწყობდნენ. გაფიცულები ლარნაკას ქუჩაზე ამ ფორმით უცხოელი მძღოლების მუშაობას აპროტესტებდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ქართველი მძღოლები უცხოელ მძღოლებთან შედარებით კაბალურ მდგომარეობაში არიან. მათი თქმით, გადამზიდავი კომპანიები პრიორიტეტს უცხოელ მძღოლებს ანიჭებენ, რის გამოც ისინი დაუსაქმებლები და, შესაბამისად, შემოსავლის გარეშე რჩებიან.