ილია მეორე - გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა და 7 აპრილს, ხარებას მობრძანდით ტაძარში

ილია მეორე - გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა და 7 აპრილს, ხარებას მობრძანდით ტაძარში

7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ დღეს, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. 

"როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 აპრილს, 18:00 საათზე, სამების ტაძარში საღამოს ლოცვა დაიწყება, 7 აპრილს კი საზეიმო წირვას მისი უწმინდესობა სვეტიცხოველში, 10:00 საათიდან აღავლენს.

დღეს კი პატრიარქმა მრევლს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული მიულოცა. უწმინდესმა აუტიზმის მქონე ბავშვები, ასევე, სახალხო მედიცინის წარმომადგენლები დალოცა. საზეიმო წირვას სამების ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.