"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ კოალიცია თავის დროზე, სხვა მიზნისთვის შეიქმნა, ახლა კი, ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა.
"სამწუხაროდ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში ყოველთვის არასწორი თვალით უყურებენ. ყოველთვის არის საუბარი იმაზე, რომ ხდება რაღაც ცუდი. ამ ყველაფერს ასე არ უნდა შევხედოთ. ეს არის ნორმალური პროცესი,რომელიც მიმდინარეობს და ამით არ ზარალდება ამომრჩეველი. კოალიციაში გაწევრიანებულია სხვადასხვა მსოფმხედველობის პარტიები. ჩვენი მთავარი მიზანი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი წარმოადგენდნა. ჩვენ ეს ყველაფერი მოვახერხეთ. როდესაც კოალიცია იქმნებოდა,მის წინაშე იდგა სხვა ამოცანა, ახლა გვაქვს სხვა რეალობა. ჩვენ მოვახერხეთ და მშვიდობიანი გზით ჩავანაცვლეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და წარსულს ჩავაბარეთ ეს ყველაფერი", - განაცხადა კალაძემ.
ის დარწმუნებულია, რომ არასდროს დაბრუნდება ის დრო,როდესაც განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები იდევნებოდნენ.
მისივე თქმით, ამ არჩევნებზე მოსახლეობას ექნება საშუალება, აირჩიოს პარტია თავისი შეხედულებისამებრ და დასრულდება ის დრო, როდესაც ერთი პარტიის ხათრით ხმის მიცემა მოხდეს სხვა პარტიებისთვისაც.