თუ შევხედეთ, რომ პრინციპულ საკითხებზე ჩვენი ხედვები კატეგორიულად არ ემთხვევა ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ხმამაღლა ვისაუბრებთ პრობლემებზე, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "იმედის სტუდიაში" ჩართვისას განაცხადა.
ხათუნა სამნიძემ ის პირობები განმარტა, თუ რა შემთხვევაში მოხერხდება "რესპუბლიკელებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის თანამშრომლობა არჩევნებამდე პერიოდში.
"თანამშრომლობაზე, რომელზეც ვსაუბრობთ ეხება არჩევნებამდე პერიოდს. არჩევნების შემდეგ სულ სხვა რეალობაა. არჩევნებზე გავდივართ ცალკე და შედეგები გვიჩვენებს, რომელი პარტია ვისთან ითანამშრომლებს. ვსაუბრობთ არჩევენებამდე პერიოდს, როდესაც ერთი მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გვყვავს წარმომადგენლები, ვართ უმრავლესობის წევრები და ორ სხვადასხვა რეჟიმში გვიწევს თანამშრომლობა", - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ.
ხათუნა სამნიძის თქმით, პარტია ელოდება "ქართული ოცნების" ყრილობას და აქვს მოლოდინი, რომ ყრილობის შემდეგ პარტია "ქართული ოცნების" მმართველი ორგანო, ლიდერები ისეთი ხედვების მატარებელი იქნება, როგორიც აქვს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
"დაანონსებულია, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ჩვენ ვიცნობთ მის ხედვებს, ვიცით მისი დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პარტია "ქართულ ოცნებას" ყრილობის შემდეგ, მის ლიდერებს სწორედ ისეთი ხედვები ექნება, როგორიც აქვს პრემიერ-მინისტრს. ეს განაპირობებს თავისთავად ჩვენს მომავალ თანამშრომლობას. ჩვენ გვინდა რომ შევძლოთ, არჩევნებამდე პერიოდში თანამშრომლობა, მაგრამ ეს დამოკიდებულია პარტნიორების შემხვედრ ნაბიჯებზე. თუ ეს ვერ მოხერხდა, თუ შევხედეთ, რომ მთელ რიგ პრინციპულ საკითხებზე ჩვენი ხედვები კატეგორიულად არ ემთხვევა ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით პრინციპულები, ხმამაღლა ვისაუბრებთ პრობლემებზე, ხმამაღლა დავუპირისპირდებით სხვა პარტიებს. ამას აქამდე პარტნიორულ რეჟიმში ვაკეთებდით, ახლა ჩვენ გაცილებით თამამი ვიქნებით ამ საკითხებში", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.