ეგვიპტურმა მხარემ არაოფიციალურად დაადასტურა, რომ გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ისინი დაუკავშირდნენ ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს, რომელთაც ეგვიპტურმა მხარემ განუცხადა, რომ უახლოეს ნახევარ საათში გამოაქვეყნებენ პრესრელიზს, სადაც იქნება დეტალური ინფორმაცია ბორტზე მყოფი მზავრების შესახებ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ეგვიპტესა და კვიპროსში საქართველოს საელჩოებთან.
"ამ ეტაპზე, რასაც ეგვიპტური მხარე ადასტურებს, არის ის მხოლოდ, რომ ბორტზე იმყოფებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, თუმცა საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება და საქართველო მუშაობს ამ მიმართულებით.
კვიპროსში ამ ინციდენტთან დაკავშირებით შეიქმნა კრიზისების საბჭო, რომელთანაც ასევე კონტაქტზეა ჩვენი საელჩო კვიპროსში", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.