თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იკითხება.
როგორც პროცესის დაწყებამდე სესიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საქმეში მისი როლი მხოლოდ თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრისა და ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის, ავთანდილ ჭოლოკავას ერთმენეთისთვის გაცნობაში მდგომარეობს.
დეპუტატის ინფორმაციით, ჩათვალა, რომ იდეა, რაც მას ჭოლოკავამ გააცნო, მიმზიდველი იყო სახელმწიფოსთვის.
"ის თავდაცვის სამინისტროს ქვეყნის მასშტაბით კაბელებით დაქსელვას სთავაზობდა და რამდენიმე წვერის უფასოდ მიწოდებას თავდაცვის სამინისტროსთვის. მიმააჩნდა, რომ ეს იდეა საინტერესო იყო და ქვეყნის ინტერესებში შედიოდა. ამ შემთხვევაში ჩემი როლი თავდაცვის მინისტრისა და ამ ადამიანის გაცნობა იყო", - განაცხადა სესიაშვილმა.
რაც შეეხება ჭოლოკავას სანდოობის საკითხს, დეპუტატის განმარტებით, ამის შემოწმება მისი კომპეტენცია არ ყოფილა და თუ რაიმე სახის ეჭვი არსებობდა, თავდაცვის სამინისტროს უნდა მიემართა კონტრდაზვერვის სამსახურისთვის, რათა ამ პიროვნების სანდოობა და საიმედოობა დაედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. "კაბელების საქმეზე" სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.