იმედია, კარგი ხელი და იღბლიანი კალამი მაქვს, რომლითაც წარმატებულ შემადგენლობას ჩამოვწერ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთის ნაკრებთან ჩასატარებელი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ვლადიმირ ვაისმა ქართველ ფეხბურთელებთან ჩატარებული ვარჯიშის შესახებ ისაუბრა და სამწვრთნელო პროცესით კმაყოფილება გამოთქვა.
"ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან, მათ შეუძლიათ ტექნიკური თამაში. მაგრამ შედეგის მისაღწევად აუცილებელია ბალანსი და შეთამაშება. რაც შეეხება ჩატარებულ ვარჯიშებს, მეძალიან კმაყოფილი ვარ, ფეხბურთელები საქმეს სრული სერიოზულობით უდგებიან. იმედი მაქვს, იგივე დამოკიდებულებას შეინარჩუნებენ. ჩვენ ვიცით მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ამისთვის კი აუცილებელი იქნება თავდაუზოგავი მუშაობა", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.
მან იმ ხარვეზების შესახებაც ისაუბრა, რომელიც არსებობს და აღნიშნა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს საკუთარ კლუბში ხშირად თამაში არ უწევს, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებაც ისაუბრა. მან ამ კუთხით გიორგი აბურჯანია, ნიკა კაჭარავა და ლაშა დვალი გამოყო. მისივე თქმით, ამ ფეხბურთელებიდან ორს დღევანდელ თამაშში მატჩის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის კარგი შანსი აქვს.
ვლადიმერ ვაისმა ტაქტიკური სქემის შესახებაც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ყველაფერი ქართველი ფეხბურთელების მომზადებაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად იქნებიან ისინი მზად სხვადასხვა პოზიციებზე სათამაშოდ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დღეს დაუპირისპირდება.