პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამორიცხავს, რომ სახალხო პარტიაც და ევროპარლამენტიც ჯოზეფ დაულის პოზიციას იზიარებს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაულის განცხადებების სულისკვეთება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სულისკვეთებას ძალიან ჰგავს. კობახიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ოპონენტების მხრიდან იქნა მიწოდებული გარკვეული იდეა და აზრი თავად საპატიო თავმჯდომარისადმი, რომელმაც ფაქტობრივად ტექსტის წაკითხვით უპასუხა "რუსთავი 2"-ის მხრიდან დასმულ შეკითხვებს.
"ცხადია, ეჭვებს ბადებს. მე გამოვრიცხავ, რომ სახალხო პარტიის უმრავლესობა იზიარებდეს ამ პოზიციას და რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ იმას, რომ ამ პოზიციას გაიზიარებს ევროპარლამენტიც. საქართველომ ყველა დავალება შეასრულა, რაც ჰქონდა განსაზღვრული სამოქმედო გეგმით", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, არსებობს დადებითი შეფასებები და ამიტომ საქართველო ელოდება, რომ დროში არ გაჭიანურდეს გადაწყვეტილების მიღება და რაიმე გავლენა არ უნდა იქონიოს ჯოზეფ დაულის განცხადებამ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე.
"რაიმე გავლენა არ უნდა იქონიოს ამ ძალიან, ჩემი აზრით სუბიექტურმა განცხადებამ ევროპარლამენტზე, რომლის წევრიც არ არის ამ განცხადებების წამკითხავი პიროვნება. მე მოვუწოდებდი "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ასეთი ტიპის ქმედებებით, ასეთი ხრიკებით ნუ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას ევროპისკენ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.