საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პაკისტანში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
"შემაძრწუნებელია პაკისტანში მომხდარი ტრაგედია. ტერორისტულ აქტს ქალაქ ლაჰორეში კვლავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. საუბედუროდ, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.
ეს არის მსოფლიოს ტრაგედია, ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. დიდი გულისტკივილით თანავუგრძნობ პაკისტანის მთავრობასა და ხალხს მომხდარის გამო და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
პაკისტანში, ქალაქ ლახორში, თვითმკვლელი ტერორისტმა ქალაქის ცენტრში, ბავშვთა სათამაშო მოედანთან ახლოს მდებარე პარკში თავი აიფეთქა, რასაც 70 ადამიანის, მათ შორის 30 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.