"პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი" ვიზალიბერალიზაციის დროულად მიღებისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს, - ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
რუხაძის თქმით, "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის ჟოზეფ დაულის განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ხელისუფლებას ევროპარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერის მოპოვება უჭირს.
"ჟოზეფ დაულის განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ხელისუფლებას უჭირს ევროპარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერის მოპოვება. როდესაც ევროპის ყველაზე დიდი პარტიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება დამოკიდებული იქნება საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეჭვები კვლავაც აქვთ პოლიტიკური პროცესის დემოკრატიულობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
"პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი" ევროპაში უვიზო მიმოსვლის დროული ამოქმედებისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს.
გიორგი რუხაძის განცხადებით, ფონდი მზად არის დახმარება შესთავაზოს ხელისუფლებას, რათა საქართველომ მოიპოვოს მრავალპარტიული მხარდაჭერა ევროპარლამენტში.
"იქიდან გამომდინარე, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ევროინტეგრაციის შემდგომი ფაზებისთვის, ასევე იმის გამოც რომ ამ საკითხის ჩავარდნა გამოიწვევს პრორუსული განწყობების გაძლიერებას, "საქართველოს განვითარების ფონდი" მზად არის დახმარება შესთავაზოს ხელისუფლებას რათა საქართველომ მოიპოვოს მრავალპარტიული მხარდაჭერა ევროპარლამენტში იმისთვის, რომ ქვეყანამ დროულად მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და ზაფხულში ჩვენმა მოქალაქეებმა შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილება მოახერხონ. ჩვენ გვაქვს სრული რესურსი და აქტიური კონტაქტები ყველა დონეზე იმისთვის, რომ ეს ინიციატივა დროულად მივიყვანოთ ბოლომდე", - განცხადა "პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდის" საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი რუხაძემ.
"პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი" ასევე მოუწოდებს "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიულ ინტერესებს ნუ დააყენებენ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე მაღლა და ყველაფერი იღონონ ევროპის სახალხო პარტიის წევრების მხარდაჭერის მოპოვებისთვის.
"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობას", საკუთარ პარტიულ ინტერესებს ნუ დააყენებენ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე მაღლა, რადგანაც "ნაცმოძრაობა" არის "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი, მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პარტიის მხარდაჭერის მოპოვებაში, რაც აუცილებელი იქნება ევროპარლამენტში საკითხის დადებითად გადასაწყვეტად", -განაცხადა რუხაძემ.
გიორგი რუხაძის განცხადებით, "პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი" აქტიურად მუშაობს ქვეყნის ინტერესების ლობირებაში ამერიკასა და ევროკავშირში.