გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის მიერ ძალადობის თემაზე მომზადებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა.
კონფერენცია მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. ღონისძიებას მთავარი პროკურორის მოადგილეები - მამუკა ვასაძე, გიორგი გაბიტაშვილი და გიორგი გოგაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე, სხვა სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე 2014-2015 წლებში პროკურატურის მიერ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გაწეული მუშაობის ანგარიში და კრიმინოლოგიური კვლევა, აღნიშნულ დანაშაულთა გამოძიების შედეგები, მოძალადეთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები წარმოდგენეს.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული აქტივობებისა და მოძალადეთა მიმართ განხორციელებული ეფექტური სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად, 2015 წელს გაორმაგდა ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოებისთვის მომართვიანობის მაჩვენებელი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მსხვერპლთა თანამშრომლობის ხარისხი, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის გაზრდილ მაჩვენებელზე აისახა.
2015 წელს, პროკურორთა ინტენსიური გადამზადების შედეგია ძალადობის ფაქტებზე გამოძიების მყისიერად დაწყება, მოძალადეთა მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ზომების გატარება, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სწორი კვალიფიკაციით წარმართვა და მსხვერპლთათვის საპროცესო სტატუსის დროულად მინიჭება.
მკაფიოდ განსაზღვრული, ანალიზზე დაფუძნებული, ეფექტური სისხლის სამართლის პოლიტიკის და გამოძიების შედეგად, 2015 წელს გახსნილია ქალთა მკვლელობის ყველა საქმე, მინიმუმამდეა დაყვანილი მოძალადეთა მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მაჩვენებელი და ბრალდებულთა მიმართ გამოყენებულია ჩადენილი ქმედების შესაბამისი სასჯელები.
პროკურატურა ორიენტირებულია არასრულწლოვანთა უფლებების დაცვაზე, მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროულ და ეფექტურ გამოძიებაზე. ამ მიზნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კრიმინოლოგიური ანალიზი და ამ მიმართულებით სისხლის სამართლის პოლიტიკა განისაზღვრა.
კონფერენციაზე დაიგეგმა დანაშაულთა აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც დანაშაულის პრევენციის მიზნით შექმნილი „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში განხორციელდება.
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ კონფერენციაზე წარმოდგინეს ოჯახური ძალადობის საკითხებში პროკურორთა ახალი სასწავლო მოდული, რომლის მიხედვითაც პროკურორები გადამზადებას 2016 წელს გაივლიან. სასწავლო მოდული, რომელიც კომპლექსური ხასიათისაა, მოიცავს არამხოლოდ სამართლებრივ, არამედ მსხვერპლთა მიმართ მოპყრობის ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც.