ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ველტონი მიიჩნევს, საკანონმდებლო ცვლილება წაახალისებს ქვეყანაში რეინვესტირებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ფარგლებში მოხდება გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებაც.
„ამ ინიციატივით, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ და განვუმტკიცებთ იმის რწმენას, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისათვის. ვთვლით, რომ სწორედ ეს ინიციატივა შეუწყობს ხელს ქვეყანაში შემოვიდეს მეტი უცხოური ინვესტიცია“, - განაცხადა ჯორჯ ველტონმა.
ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა ფინანსთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა ბიზნეს ასოციაციებთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მისი განცხადებით, სამინისტროს ურთიერთობა ბიზნეს სექტორთან სამაგალითო იყო.
„ასევე დიდი მადლობას ვუხდი მთავრობას, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს წინადადებებს რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით. ჩვენი თხოვნის საფუძველზე, ამ ვადამ გადაიწია 2017 წლის პირველ იანვარს. ეს არის ნიმუში იმისა, რომ ხელისუფლება ითვალისწინებს გადამხდელთა მოსაზრებებს. ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო ის ფაქტი, რომ ბიზნესს ჰქონოდა საკმარისი დრო დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის, ახალი ინიციატივისთვის სწორად და ადეკვატურად მომზადებისთვის,“ - აღნიშნა ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ველტონმა.