საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პატივსაცემად, ბელორუსის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილს ბელორუსმა კოლეგამ, ანდრეი კობიაკოვმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოტენციალი იყო.
მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა, ისაუბრეს აბრეშუმის გზის ინიციატივის შესახებ და ამ პროცესში საქართველოსა და ბელორუსის უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის გზები დასახეს.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო რესურსებისა და სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით.