საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას აზრით, ტერორისტულ საფრთხეებთან გასამკლავებლად ევროპამ საკუთარ მიდგომებს უნდა გადახედოს.
ბათუ ქუთელია "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ რაც დღეს ბრიუსელში მოხდა, პარიზის ტერაქტების გაგრძელებაა და ამაზე რეაგირება ჯერ დროს მოითხოვს.
"ევროპისთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ ორი ტერაქტის ერთიან კონტექსტში გაანალიზება და ახალი მეთოდების შემუშავება. ეს არის ამოსავალი წერტილი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბევრი მიდგომა, ალბათ, უნდა გადაიხედოს, ვგულისხმობ ევროპის მიდგომას სირიის კრიზისთან დაკავშირებით, ზოგადად, ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მათთან დაკავშირებულ სახელმწიფოებთან მიმართებაში. ასეთი კომპლექსური მიდგომის შედეგად, დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საფრთხეეები. ეს მეტ-ნაკლები წარმატებით მოახერხა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის ტერიტორიაზე, თუმცა ტერორისტული ტაქტიკაც იცვლება და ბუნებრივია, ცივილიზებულ სამყარო მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს", - განაცხადა ქუთელიამ.
რაც შეეხება საქართველოს, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის აზრით, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის ბერკეტები, რაც გვაქვს პარტნიორ ორგანიზაციებთან და თუ სახლემწიფოებთან, მათ შორის, ევროკავშირთან და ნატო-სთან სპეციალური კონსულტაციების მექანიზმი, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ პოტენციურ საფრთხეებზე.
"ასევე, საჭიროა სპეცსასმსახურების თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა გაიცვალოს ინფორმაცია იმ ინდივიდებზე, რომლებიც საზღვარს კვეთენ. რისკ-ჯგუფების გამოვლენით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ის მყისიერი საფრთხე, რაც ასეთი ტიპის ტერორისტულ აქტებს შეიძლება მოჰყვეს. თუმცა, ჩემი აზრით, დღევანდელი ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველო არ არის ISIS-ის მთავარი მიზანი. პირველადი, მყისიერი საფრთხეების სიაში საქართველო არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა არ უნდა დაიწყონ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ასეთი რამე მომავალში გამოირიცხოს", - აცხადებს ბათუ ქუთელია.