გიორგი დგებუაძე იგივე

გიორგი დგებუაძე იგივე "მასტერა" წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის ადვოკატის ირაკლი გრძელიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დგებუაძესთან მისი ინტერესების დამცველები მცირე ხნით იმყოფებოდნენ და მათ შორის მხოლოდ ზედაპირული გასაუბრება შედგა.

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა, დაახლოებით 15 წუთიანი საუბარი. ის ბრალს არ აღიარებს. რაც არ ჩაუდენია რა უნდა აღიაროს? ჩვენების მიცემას ნამდვილად აპირებს და იტყვის იმას, რაც სინამდვილეში იყო. ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა გიორგი დგებუაძე და ეჭვიც არ მეპარება, რომ აღნიშნულ ბრალდებაშიც გამართლდება. ის ამ ეტაპზე რაიმე სახის ზეწოლაზე არ საუბრობს, არც პოლიტიკურზე და არც სხვა სახის ზეწოლაზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი გრძელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი 3 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა ედება.

გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში წუხელ ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადირება მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.