რეგიონში, ტერორიზმის თვალსაზრისით სრულიად საშიში ვითარებაა

რეგიონში, ტერორიზმის თვალსაზრისით სრულიად საშიში ვითარებაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ტერორიზმის თვალსაზრისით რეგიონში სრულიად საშიში ვითარებაა.

როგორც ძიძიგურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში დასავლელ პარტნიორებს აქტიურად უნდა დაეხმაროს.

"გავიხედოთ, რა ხდება რეგიონში – ანკარაში ტერაქტი ზედიზედ ორჯერ მოხდა, დიდი მსხვერპლით, რამდენიმე თვის წინ პარიზში მოხდა სერიოზული ტერაქტი და როდესაც ბრიუსელში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ადამიანი დააკავეს, მაშინ ინტერნეტში გავრცელდა მუქარები, რომ ბრიუსელშიც იგივეს მოაწყობდნენ და ახლა ვხედავთ, რომ ტერაქტი ბრიუსელშიც მოხდა. ამიტომ რეგიონში, ტერორიზმის თვალსაზრისით სრულიად საშიში ვითარებაა. საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლელ პარტნიორებს აქტიურად უნდა დაეხმაროს. ჩვენს ქვეყანაშიც აუცილებელია უსაფრთხოების ისეთი ზომების მიღება, რომ ტერორისტების დარტყმის ქვეშ არ აღმოვჩნდეთ", - აცხადებს ძიძიგური.

საქართველოში ტერორიზმის შესაძლო საფრთეებთან დაკავშირებით ძიძიგური ამბობს, რომ "ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოვიბათ, მაგრამ არაფერი იმის საფუძველს არ იძლევა, რომ რაღაც ტიპის პანიკას მივეცეთ და სასოწარკვეთაში ჩავარდეთ".

"ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები გამართულად მუშაობს. ამ ფონზე კიდევ უფრო სასაცილოდ ჩანს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ინიციატივა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმების შესახებ. პირიქით, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ თანამშრომლობის რეჟიმში სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურებთან იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მშვიდად, წყნარად და ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა", - აღნიშნა ძიძიგურმა.