უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატს ურჩევს, თუკი რაიმე დარღვევას აქვს ადგილი, მიმართოს შესაბამის ორგანოს. ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს ადვოკატ გიორგი ფოფხაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მისი საჩივრის განხილვის ვადების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დღეს ზურაბ ჯამალაშვილი უკანონო პატიმარია.
"რეაგირებისთვის შეუძლიათ მიმართონ შესაბამის ორგანოს. უნდა შევისწავლოთ საკითხი და თუ დარღვეულია უფლებები, მის აღსაღდგენად, რეაგირება აუცილებლად მოხდება", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის, ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმარია, რადგან სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივრის განხილვის ყველანაირი ვადა დაარღვია.
როგორც ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მან სასამართლოს სააპელაციო საჩივრით 18 მარტს მიმართა, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლოს არც მის დასაშვებობაზე უმსჯელია და არც გადაწყვეტილება მიუღია.
ადვოკატის ინფორმაციით, კანონი პირდაპირ ამბობს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება, სარჩელის შეტანიდან 72 საათში უნდა მიიღოს. მისივე თქმით აღნიშნული ვადა, სააპელაციო სასამართლოს 21 მარტს, 13:00 საათზე ამოეწურა.