ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის, ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმარია, რადგან სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივრის განხილვის ყველანაირი ვადა დაარღვია.
როგორც ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მან სასამართლოს სააპელაციო საჩივრით 18 მარტს მიმართა, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლოს არც მის დასაშვებობაზე უმსჯელია და არც გადაწყვეტილება მიუღია.
"დღესაც კი არ განუხილავს დასაშვებობის საკითხი, მაგრამ ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ყველანაირი ვადები დარღვეულია. ახლა მე ვამზადებ საკონსიტიტუციო სარჩელს და სავარაუდოდ ამ კვირაში შევიტან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე, აუცილებლად ჩემს მიერ მომზადებული იქნება სარჩელი ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან დღეს ზურაბ ჯამალაშვილი უკანონო პატიმარია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგი ფოფხაძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, კანონი პირდაპირ ამბობს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება, სარჩელის შეტანიდან 72 საათში უნდა მიიღოს. მისივე თქმით აღნიშნული ვადა, სააპელაციო სასამართლოს 21 მარტს, 13:00 საათზე ამოეწურა.